ახმეტის, სიღნაღისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში სამი სკოლა აშენდება. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. უწყების აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი შენგელიას ინფორმაციით, კახეთში ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებების მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 7 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
„ინტენსიური მუშაობა გვქონდა განათლების სამინისტროსთან და თებერვლის თვეში ეტაპობრივად გამოცხადდება სამშენებლო ტენდერები. მათ შორის, მშენებლობა-დიზაინის კუთხითაც გარკვეული მოცულობის ტენდერები გამოცხადდება. 2019 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდი კახეთის გარდა სხვა რეგიონებშიც ააშენებს სკოლებს. ჯამში 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი. სკოლების მშენებლობისთვის სულ 65 მილიონი ლარი დაიხარჯება’’,- განაცხადა გიორგი შენგელიამ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი