"ისეთი რამ შეიძლება გითხრა, რასაც მშობელს, მეუღლეს, შვილსა თუ მეგობარს ვერ გავუმხელ" - სოფო ხორგუანის ღია წერილი სახალხო დამცველს

13:38 01-23-2019
636

უფლებადამცველი და სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე, სოფო ხორგუანი ნინო ლომჯარიას მიმართავს და სოციალურ ქსელში ვრცელ, ღია წერილს აქვეყნებს, რომელსაც პრაიმტაიმი უცვლელად გთავაზობთ:

იმიტომ რომ აქ საჯაროდ დავდე პირობა, შევიტანდი წერილებს, საჯაროდ გამოვაქვეყნებ აქვეც. და კიდევ, 
იმიტომ რომ არ არსებობს სახელმწიფო ფული, ეს ჩვენი ყველას საერთო ფულია და მას უნდა გაუფრთხილდნენ;
იმიტომ რომ როცა თანამდებობებს თანხმდებიან პასუხისმგებლობაც ატარონ და რაც უფრო მაღალია სტატუსი, მეტია პასუხისგმებლობა;
იმიტომ რომ არ არსებობს პრივილეგირებულთა კასტა სამოქალაქო საზოგადოებაში და ერთი მოქალაქე მთელს ინსტიტუტებზე მეტად ძვირფასია;
და კიდევ იმიტომ რომ ვერავინ დააზიანებს შენს რეპუტაციას ისე, როგორც შენივე სიტყვა და საქციელი.

საქართველოს სახალხო დამცველს
ნინო ლომჯარიას

ღია წერილი 
სალამი ნინო,
შენ მოგმართავ, რადგან შენი იმედი უნდა მქონდეს. შენობით მოგმართავ, რადგან შენ ხარ ის, ვისაც ისეთი რამ შეიძლება გითხრა, რასაც მშობელს, მეუღლეს, შვილსა თუ მეგობარს ვერ გავუმხელ. შენ გითხრა, შენ კი სიცოცხლის ბოლომდე შეინახო და არ გაამხილო, ყველაფერი უნდა ქნა, რომ დამიცვა და დამიფარო, მაგრამ არ გაამხილო, ვინ ვარ. 
არ უნდა შეგეშინდეს მუქარის, დაცინვის, მეგობრების დაკარგვის, ძილის დაკარგვის, განკითხვის, დამცირების, სიცივის, შიმშილის, დაღლის, სიბნელის, ავად ყოფნის, არ უნდა შეგეშინდეს სიკვდილისაც კი. არა, შეიძლება შეგეშინდეს, მაგრამ უნდა აჯობო შიშს. ჩუმად იტირო ოთახში შეკეტილმა და შეიძლება სასოწარკვეთილმა ყველა რელიგიის ყველა სალოცავში დატოვო ფურცლები შენი დახმარების მომლოდინეთა სახელებით. 
შენ უნდა მოიფიქრო, როგორ დამიცავ. ყველა გზა მოთელო და ყველა ხერხი მოირგო, საკუთარ თავს გადააბიჯო და უცდელიც სცადო, მაგრამ უნდა დაიცვა ის, ვისაც შენი დაცვის მოლოდინი აქვს, ვინც არ უნდა იყოს ის, ვინც ხშირად სრულიად საიდუმლოდ გაგიმხელს თავის გასაჭირს. 
მაგრამ ამ ერთხელ ღიად და საჯაროდ მჭირდება შენი პასუხი რამდენიმე კითხვაზე. საქართველოს ნომერ პირველი უფლებადამცველის პასუხები. არ მოვიწონე ჩემი ჯიბიდან თვეში 34 ათასი დოლარის ქირაში გადახდა რაღაც ოფისისთვის, ჩემი ეს არ მოწონება შენს მოადგილეს არ მოეწონა და დამცინა საჯაროდ. 
აქვე შეგახსენებ, საქართველოს სახალხო დამცველი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიისა და მისი იურისდიქციის ფარგლებში ადამიანის უფლებების დაცვას. ამ მიზნით, იგი ზედამხედველობას უწევს სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ფარგლებსა და მის იურისდიქციაში მყოფი ყველა პირისათვის სახელმწიფოს მიერ აღიარებული უფლებების და თავისუფლებების დაცვას და პატივისცემას. სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატის თითოეული თანამშრომელი ვალდებულია სწორად და ზუსტად ესმოდეს სახალხო დამცველის აპარატის არსი, იდეა და დანიშნულება. კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულებები წარმოადგენს სახალხო დამცველის თითოეული თანამშრომლის საჯარო ვალდებულებას, რომლის შესრულების კანონიერი მოლოდინი გამაჩნია მე, როგორც რიგით მოქალაქეს და სახალხო დამცველის აპარატის პოტენციურ ბენეფიციარს. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძემ, რომელსაც აპარატის რიგით თანამშრომლებთან შედარებით, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტს უნდა ავლენდეს, ეს მოლოდინი ვერ გაამართლა. ჩემს მიერ გამოთქმულ კრიტიკას, სახალხო დამცველის აპარატის მიერ დაქირავებული შენობის ქირასთან დაკავშირებით, პროფესიული პასუხის ნაცვლად, პასუხი გასცა აგრესიით, პირადი მოტივებით გამსჭვალული ჩემი საქმიანი რეპუტაციის შელახვის მცდელობით. 
განვმარტავ, მე არ ვარ საჯარო მოხელე, ვარ კერძო კომპანიის დირექტორი და მაქვს არაერთი დავა სახელმწიფოსთან. განვითარებად ქვეყანაში, სადაც პრობლემა აქვს სასამართლოს, ხოლო საჯარო სამსახურებში კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების დეფიციტია, რის გამოც მათი მხრიდან ხშირად ადგილი აქვს ადამიანის უფლებების შელახვას, გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება სახალხო დამცველის აპარატის არსებობა. სახალხო დამცველის მოადგილის მიერ, ჩემს მიმართ წინასწარ გაცხადებული განწყობის/დამოკიდებულების შემდეგ, სახელმწიფომ რომ ჩემი უფლებები შელახოს, რა მოლოდინი უნდა მქონდეს სახალხო დამცველის მხრიდან ობიექტურად დაცვის, როგორ უნდა მოხერხდეს ეს?! იმ პირობებში, როდესაც სახალხო დამცველის მოადგილეს თავისი პროფესიული და მორალური ტვირთი სათანადოდ არ აქვს გააზრებული, არ აქვს გაცნობიერებული და გათავისებული საკუთარი სტატუსი და პასუხისმგებლობა, როდესაც ჩემს საქმიან კრიტიკაზე ჩემი უფლებების პატივისცემის მინიმალურ სტანდარტს ვერ იცავს, როგორ მოხერხდება ჩემი შელახული უფლებების დაცვა? მან უნდა დაიცვას ჩემი უფლებები?! პასუხობს სახალხო დამცველის მოადგილე იმ მინიმალურ სტანდარტს, რომ იყოს ავტორიტეტული, სამართლიანი, ობიექტური, კანონმორჩილი, სხვათა უფლებების პატივისმცემელი და დამცველი? არ მიიღოთ ეს კითხვები რიტორიკულ კითხვებად, უმორჩილესად გთხოვთ,- წერს ხორგუანი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.