საპატრიარქოში შეხვედრაზე მოვაჭრეებს ალტერნატიულ ადგილს დაჰპირდნენ

16:42 01-23-2019
62

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე მოვაჭრეებს საპატრიარქომ მისცა პირობა, რომ ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ალტერნატიული ადგილი გამოიყოფა, რათა შეძლონ მათი საქმიანობის გაგრძელება. ამის შესახებ განცხადებები თავად მოვაჭრეებმა გააკეთეს, რომლებიც დღეს საპატრიარქოში, შეხვედრაზე იმყოფებოდნენ.

პირობა, როგორც გარემოვაჭრეები ამბობენ, მათთვის მისაღებია. 

„მათ უარყვეს, რომ მამა კონსტანტინე უარზეა. პირიქით, ისინი ამბობენ, რომ მამა კონსტანტინე თანახმაა, იქ გაგრძელდეს გარე ვაჭრობა, ოღონდ უფრო ცივილურ ფორმებში. ამიტომ, ისინი შეგვპირდნენ, რომ მამა კონსტანტინესთან ერთად გადაწყვეტენ ამ საკითხს ცივილურად. იქნება ეს დახლების ამოტანა, ახალი ტერიტორიის გამოყოფა, მოაგვარებენ ამ პრობლემას მაქსიმუმ ორ დღეში და ჩვენ ჩვეულებრივად შევძლებთ მუშაობის გაგრძელებას,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ, მარიამ ჩაკვეტაძემ.

ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა უკვე 10 დღეა, შეწყვეტილია.