„ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული.ჰიგიენური ნორმებიც დაცული იყო "- სოციალური მომსახურების სააგენტო

18:06 01-23-2019
972

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ მიზეზი რის გამოც გოგონას ოჯახში დაბრუნება გადაწყდა ამ ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება იყო.

„მათ ქონდათ წინსვლა. მათ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა იყო გაუმჯობესებული. ოჯახის დანარჩენი ბავშვებიც ცხოვრობდნენ იქ.  ჰიგიენური ნორმებიც დაცული იყო ბავშვების“- აცხადებს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი მარი წერეთელი.

სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელი ასევე განმარტავს, რომ 4 წლის გოგონა პერიოდულად სამედიცინო შემოწმებას გადიოდა და მას რაიმე განსაკუთრებული ავადობა არ ჰქონდა.

განსხვავებულია თავად ოჯახის წევრების ინფორმაცია. ისინი აცხადებენ, რომ ბავშვს ჯანმრთელობის ფსიქიკური და  ფიზიკური პრობლემები ჰქონდა,  არ შეეძლო დამოუკიდებლად გადაადგილება და იყო აუტისტური სპექტრის მატარებელი.

სოციალური მომსახურების სააგენტოში ჯერჯერობით არ საუბრობენ, იმყოფებოდნენ თუ არა სოც მუშაკები ოჯახში, სადაც გოგონა გარდაიცვალა 6 იანვრის შემდეგ. ანუ მას შემდეგ, რაც ქალის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიწერა. სააგენტოში აცხადებენ, რომ ამ საკითხის მოკვლევას შიდა აუდიტის სამსახური აწარმოებს და თუკი თანამშრომლების გადაცდომა ან სამსახურეობრივი გულგრილობის საკითხი გამოიკვეთება, აუცილებლად დადგება პასუხისმგებლობის საკითხი.

ავტორი: თამარ ტომარაძე