ტელეკომპანია იბერიას ჟურნალისტები არხის დამფუძნებლების წინააღმდეგ- საქალაქო სასამართლო საქმის განხილვას იწყებს

12:37 01-24-2019
160

თბილისის საქალაქო სასამართლო ტელეკომპანია იბერიას წინააღმდეგ ჟურნალისტების სარჩელის განხილვას იწყებს. სხდომა ხვალ 16:00 საათზეა ჩანიშნული. 

ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტები არხის ხელმძღვანელობისგან კუთვნილ კომპენსაციას ითხოვენ. 

შეგახსენებთ, რომ არხის დამფუძვნებელმა ნატო ჩხეიძემ  იბერიას დახურვასთან დაკავშირებით თანამშრომლებს 16 ოქტომბერს ჩატარებულ თათბირზე განუცხადა. მიზეზად კი ფინანსური კრიზისი დასახელდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია იბერიაში დასაქმებულებს  ხელშეკრულების შეწყვეტის დოკუმენტები ჩაბარდათ.

მიუხედავად იმისა, რომ შრომის კოდექსი მსგავს შემთხვევაში დამსაქმებელს 2 თვის კომპენსაციის გადახდას ავალდებულებს- არხის მფლობელები ვალდებულების შესრულებაზე ამ დრომდე უარს აცხადებენ. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია იბერიას დამფუძნებლები ნატო ჩხეიძე და ზაზა ოქუაშვილი მილიონობით ღირებულების ქონების მფლობელები არიან. უფრო მეტიც, ნატო ჩხეიძე, რომელიც ამავდროულად დეპუტატია, საკუთარი დეკლარირებული ქონებით სხვა მილიონერ კანონმდებლებს შორის პირველ ადგილზეა. მისი ქონება 50 მილიონზე მეტია. ასევე მილიონობით ქონების მფლობელია ომეგა ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია იბერია.

ტელეკომპანია იბერიას ყოფილი ჟურნალისტების ინტერესებს საია იცავს.