ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და წაადგება ჩვენს საზოგადოებას და დემოკრატიას - ამის შესახებ საპარალამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
"გუშინ იყო საკმაოდ დიდი დრო რომ გვემსჯელა სასამართლოსთან დაკავშირებით. დღეს განახდლდა მსჯელობა. პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პროცესი ნორმალურ, სამუშაო კალაპოტში წარმართა და ვფიქრობ, არის რესურსი რომ გუნდში ყველა ძირითად პრინციპზე მოხდეს შეთანხმება. მათ შორის, დღეს ჩვენ ვაგრძელებთ მსჯელობას კრიტერიუმებთან დაკავშირებით, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დასახელებას და მათ დამტკიცებას უკავშირდება და გვსურს, რომ საგაზაფხულო სესიისთვის უკვე ამაზე მუშაობა დავასრულოთ და მივცეთ სასამართლოს საშუალება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აირჩიოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იყოს მიღებული გადაწყვეტილებები, რომელიც ხელს შეუწყობს სასამართლოს დამოუკიდებლობას და წაადგება ჩვენს საზოგადოებას და დემოკრატიას“,- განაცხადა თალაკვაძემ.
არჩილ თალაკვაძის თქმით, ის, რომ გუნდში იყო განსხვავებული არგუმენტები ეს მოსალოდნელი იყო. მისი თქმით, 2020 წლის არჩევნებამდე "ქართული ოცნება" მყარ უმრავლესობას შეინარჩუნებს და არჩევნებზეც მყარი უმრავლესობით გამოვა.
„არავის უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ ისეთ მნიშვნელოვან და რთულ საკითხზე, როგორიც არის სასამართლოს რეფორმა იქნებოდა ადვილი მსჯელობა. ის, რომ გუნდში იყო განსხვავებული არგუმენტები ეს მოსალოდნელი იყო. ადრეც ყოფილა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც ახლდა ასეთი დისკუსია, მაგრამ ჩვენ ყოველთვის მოვახერხეთ, რომ საბოლოო ჯამში, სწორი გადაწყვეტილებები მიგვეღო. ვფიქრობ, დღეს იქნება საინტერესო მსჯელობა. გუნდში არსებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ის წინასწარი განწყობები, რომელიც მედიაში ჩანდა იყო გარკვეულწილად გაზვიადებული , რა თქმა უნდა, უთანხმოება არსებობდა ამ საკითხზე, მაგრამ პროცესი არის სამუშაო კალაპოტში. არანაირი დაშლა არ მოხდება. „ქართული ოცნება“ პარლამენტში 2020 წლის ჩათვლით, არჩევნებამდე შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას და ჩვენ არჩევნებზეც გამოვალთ მყარი პოზიციით“,- განაცხადა თალაკვაძემ.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის პოზიციას სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით, არჩილ თალაკვაძის თქმით, ივანიშვილი მხარს უჭერს იმ კურსს, რომელიც სასამართლოსთან მიმართებაში 2012 წლიდან ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება.
„ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოზიცია აქამდეც ცნობილი იყო და დღესაც ცნობილია. ის,როგორც პარტიის თავმჯდომარე მხარს უჭერს თავისუფალ, დამოუკიდებელ სასამართლოს და დღესაც მხარს უჭერს იმ კურსს სასამართლოსთან მიმართებაში, რომელიც 2012 წლის შემდეგ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. ეს არის სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერება. ეს არის პრინციპული პოზიცია“,- აღნიშნა თალაკვაძემ.