მოსამართლეებს უწოდებენ ჯალათებს, ამბობენ, რომ მათი სასამართლოდან გაყრა სურთ - ლევან მურუსიძე 279 მოსამართლის მხრიდან დაფიქსირებულ ერთსულოვან აზრზე

16:19 01-26-2019
89

მოსამართლეებს უწოდებენ ჯალათებს, ამბობენ, რომ მათი სასამართლოდან გაყრა სურთ, ამიტომაც არიან ერთიანები - ასე ხსნის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ლევან მურუსიძე მოსამართლეთა ერთიანი პოზიციის დაფიქსირებას. მისი თქმით, ასეთივე პოზიცია ექნებოდათ ჟურნალისტებს, თუ მათ მიმართაც მოინდომებდნენ მაგალითად ცენზურის დაწესებას.

"თუ ჟურნალისტებისთვის ცენზურის დაწესებაზე იქნება საუბარი, რამდენი ჟურნალისტი გამოჩნდება თქვენს შორის, ვისაც ექნება განსხვავებული აზრი? დარწმუნებული ვარ ყველას ერთიანი აზრი ექნება" - განუცხადა სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლემ მედიას.

მურუსიძის თქმით, კლანი, რომელზეც საუბრობენ სინამდვილეში არ არსებობს და ამაზე საუბარი უნდა შეწყდეს. 

"დღეს გამოდიოდნენ მოსამართლეები, რომლებიც აქამდე არ გამოსულან კონფერენციებზე და ყველდგან დააფიქსირა ერთი პოზიცია, რომ მთლიანად სასამართლო კორპუსი იმ ფასეულობების გარშემო, რასაც ჰქვია სასამართლოს დამოუკიდებლობა, არის ყველა ერთ აზრზე. აქედან გამომდინარე, საუბარი იმაზე, რომ ეს არის „კლანი“, საბოლოოდ უნდა დაიმსხვრეს. შეუძლებელია, რომ 279 მოსამართლე და ის მოსამართლეებიც, რომლებიც ვერ მოვიდნენ, ანუ საქართველოში არსებული ყველა მოსამართლე, რომელიც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის, იყოს „კლანი“. დღეს ყველამ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. 

მე ნაზი ჯანეზაშვილს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოვუწოდებ, რომ ურთიერთობის კონსტრუქციულ რეჟიმში გადავიდეთ. ერთად განვიხილოთ, რა აწუხებს სასამართლოს, რა პრობლემებია, მაგრამ არასამთავრობო სექტორმა აღიაროს, რასაც ბოლო წლებში მიაღწია სასამართლომ" - განაცხადა მურუსიძემ.

რაც შეეხება კრიტერიუმებს, სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლე ამბობს, რომ ხვალინდელ სამუშაო შეხვედრაზე იმედოვნებს, პარლამენტი მიიღებს იმ კანონს, რომელიც საზოგადოებისთვის მისაღები იქნება. 

დღეს, მოსამართლეებმა მოსამართლეთა რიგგარეშე 25-ე კონფერენცია გამართეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ირგვლივ განვითარებულ საკითხებზე იმსჯელეს.



ავტორი: