უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება-არაღიარების საკითხზე გასათვალისწინებელი გვექნება ქართული საზოგადოების აზრი - მეუფე გრიგოლი

13:19 01-28-2019
128

ფოთისა და ხობის ეპარქიის წინამძღვარი მეუფე გრიგოლი ფიქრობს, რომ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება-არაღიარების საკითხი ქართული საზოგადოების აზრის შესწავლის შემდეგ უნდა მიიღონ.

ამის შესახებ მეუფე გრიგოლმა გუშინ, ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სადღესასწაულო წირვის შემდეგ, ქადაგებისას განაცხადა. 

საზოგადოებაში აქტიური განხილვის საგნად რჩება უკრაინაში მიმდინარე პროცესები და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება-არაღიარების საკითხი. მართალია, ეს თემა რელიგიური შინაარსის მქონეა, მაგრამ მას პოლიტიკური დატვირთვაც აქვს. თუმცა საქართველოსთვის ამ საკითხის პოლიტიკური მნიშვნელობა, ქართული სინამდვილის სპეციფიკიდან გამომდინარე, ბევრად დიდია. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში აღნიშნული საკითხის რელიგიურ (ეკლესიოლოგიურ) ნაწილში ჩვენ აუცილებლად უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ მაღალკვალიფიციური და ავტორიტეტული კანონისტების დასკვნას, ხოლო რაც შეეხება საკითხის პოლიტიკურ მნიშვნელობას, ამ ნაწილში, ვფიქრობთ, რომ გასათვალისწინებელი გვექნება ქართული საზოგადოების აზრი (რაც საგანგებოდ უნდა იქნეს კიდეც შესწავლილი).

ქართველი და უკრაინელი ხალხები ჯერ კიდევ საკუთარი სახელმწიფოებრიობის დასაცავად და ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად იბრძვიან და ამ მნიშვნელოვან ისტორიულ პროცესში განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ტვირთი დიდ წილად სწორედ რომ ეკლესიის მხრებზე მოდის, რომელმაც მყარი საფუძველი უნდა შეუქმნას ერის ერთსულოვნებას, და გახდეს მისი სახელმწიფოებრიობის მტკიცე ბურჯი. ეს კი ეკლესიისგან მოითხოვს დიდ შემართებასა და თავდადებას. ამის დავიწყება კი არაფრით არ ეგების!, - აღნიშნა მეუფე გრიგოლმა.