ყოფილი გენერალური აუდიტორისა და ყოფილი მთავარი პროკურორის დაპირისპირების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ოთარ ფარცხალაძის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, მიხეილ ჩოხელის ბრალდების საქმის სხდომაზე მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხზე იმსჯელეს.
სასამართლოში იმყოფებოდა ოთარ ფარცხალაძეც, რომელიც ამბობს რომ „ელცენტროში“ მომხდარი თავად გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას მიერ იყო პროვოცირებული.
„არ ვაღიარებთ ბრალს, ნასვამი თორდიას მხრიდან იყო პროვოკაცია“, – განაცხადა ოთარ ფარცხალაძემ.
რაც შეეხება სასამართლო სხდომას, ბრალდების მხარემ წარადგინა ის მტკიცებულებები, რომელიც მათი განცხადებით, ადასტურებს ჩოხელისა და ფარცხალაძის ბრალეულობას, დაცვის მხარემ კი ამ მტკიცებულებათა ნაწილი სადაოდ მიიჩნია, თუმცა მოსამართლემ მიიჩნია, რომ არ არსებობს სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის საფუძველი და შესაბამისად, საქმის განხილვა არსებით განხილვას გადასცა, რომელიც 7 თებერვალს გაიმართება.