"ხილის ხეებს ჭრიდნენ..." - ოკუპანტებმა გივი ბატონესაშვილის ეზო მავთულხლართებით ორად გაყვეს

14:33 01-29-2019
222
თეგები: ხურვალეთი

ხურვალეთში, სადაც ე.წ. საზღვარი 50 მეტრით გადმოწიეს და ახალი ბარიერები აღმართეს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რამდენიმე ადგილობრივის საკარმიდამო და სახნავ -სათესი მიწები მოექცა.

გივი ბატონესაშვილმა საკუთარ ეზოში რუსი ოკუპანტები რამდენიმე დღის წინ მაშინ ნახა, როდესაც ისინი ახალ მავთულხლართებს ავლებდნენ, რის გამოც საკარმიდამო მიწა ორად გაიყო.

ხმაური მომესმა, გამოვედი და რა ვნახე, ჩემს ეზოში რუსი ოკუპანტები ხილის ხეებს ჭრიდნენ, რის შემდეგაც მავთულხლართები გაავლეს“, - ამბობს ბატონესაშვილი პრაიმტაიმთან. 

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლიდან ხშირად იტაცებენ ადგილობრივ მოსახლეობასაც. როგორც ხურვალეთში ამბობენ, საძოვრად გარეკილ საქონელს უკან არასოდეს მიყვებიან. ყველაზე ხშირად მოსახლეობას თავს საძოვარზე ესხმიან, თუმცა ხშირია საქონლის გატაცების შემთხვევებიც. მათ ცხოვრება შიშის ქვეშ უწევთ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. 

„საქონელს ვერ გააგდებ მთაზე, გვეშინია, წაგვიყვანებენ ცხინვალში. თან თანხაც გაზარდეს რასაც გამოშვებისთვის ვიხდიდით, სად გვაქვს ამდენი ფული. რამდენიმე კვირის წინ ჩემი დაც მოიტაცეს, საქონლის მოსარეკად იყო წასული, - აცხადებს კიდევ ერთი ადგილობრივი გივი ხუროშვილი.

 

მახო მიქელაძე