"უგულავას დროს აურიეს ყველა სამშენებლო ნორმა, წესი და სტანდარტი" - ამის შესახებ "პრაიმტაიმს" ორგანიზაცია „სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განუცხადა.
ელისაშვილი ამბობს, რომ არსებობს სამშენებლო კოდექსი, რომელიც ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწერა, თუმცა ამ მდგომარეობის შეცვლით არც ახალი მთავრობა დაინტერესებულა.
"ამბობდნენ, ბიზნეს ხელი შევუწყოთ, ზედმეტი რეგულაციები არ ვარგაო და ამიტომ აურ-დაურიეს, ვითომ ბიზნესისთვის რომ ხელი შეეწყოთ. სინამდვილეში, შექმნეს მღვრიე წყალი, სადაც უგულავა და სხვები ფულს აკეთებდნენ და ამ მღვრიე წყალში თევზს იჭერდნენ. ეს მოსაწესრიგებელია.
მთავრობა რომ შეიცვალა, ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივით, 2013 წელს დაიწყო ახალ სამშენებლო კოდექსზე მუშაობა. დამუშავებულია და გდია პარლამენტში თაროზე. იმ სამშენებლო კოდექსში არის გაწერილი, დაშორებაც, აირაციაც, ყველაფერი. აზომვები უნდა იყოს, როგორ უნდა ხდებოდეს ათვლა, რა ხარისხის მასალით უნდა ხდებოდეს მშენებლობა. 21-ე საუკუნეა და ყველაფერი ვითარდება" - განუცხადა "პრაიმტაიმს" ელისაშვილმა.
„სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერის თქმით, დაუშვებელია შენობების იმგვარად განლაგება, როგორც ახლა არის.
"ის რომ კორპუსი კორპუსზე მიწებებული არ უნდა იყოს, ამას არც კონსტრუქტორობა უნდა, არც არქიტექტორობა, არც გეოლოგობა და არც ფილოსოფოსობა" - დასძინა ელისაშვილმა.