გია აბაშიძე: „...უნდა შეიცვალოს ლიდერები უმრავლესობის, კომიტეტის თავმჯდომარეები თუ ვიცე სპიკერი...“

14:51 01-30-2019
324

ქეთი ხატიაშვილი

 

NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის 46% მიიჩნევს, რომ საქართველოში ამჟამად დემოკრატია არ არის. გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არის, ხოლო 11% არ იცის.

რატომ ფიქრობს მოსახლეობა, რომ საქართველოში დემოკრატიის ხარისხი გაუარესდა, მაშინ როცა, იგივე მედია პლურალიზმის მხრივ ვითარება მკვეთრად გაუმჯობესებულია. რამდენად უკავშირდება ეს გაუარესება „რუსთავი2“-ს - მუდმივ შიშებს იმასთან დაკავშირებით, რომ არხი შეიძლება დაიხუროს ან ხელისუფლებამ მფლობელს წაართვას და სარედაქციო პოლიტიკა ხელისუფლების სასარგებლოდ შეიცვალოს. 

ექსპერტი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ დემოკრატიის ხარისხთან „რუსთავი-2“ დაკავშირებული არ არის. მისი განმარტებით, ასეთი ბმის შემთხვევაში, გაუარესება მედიის თავისუფლების ნაწილშიც უნდა დაფიქსირებულიყო. მისი მოსაზრებით, დემოკრატიის დაბალი მაჩვენებელი დაკავშირებულია კორუფციის ასევე გაზრდილ მაჩვენებელთან, ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, ნეპოტიზმთან არის ბმაში. 

NDI-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ კორუფცია ყველა სამთავრობო სტრუქტურაში (სახელმწიფო ინსტიტუტები, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, პროკურატურა, სასამართლო, პარლამენტი და სამინისტროები) მეტ-ნაკლებად გავრცელებულია. გამოკითხულთა 21%-ის აზრით, საქართველოში კორუფცია საერთოდ არ არის გავრცელებული; 30% მიიჩნევს, რომ ძალიან გავრცელებულია, ხოლო 34%-ს შუალედური პოზიცია აქვს და მიიჩნევს, რომ კორუფცია მეტ-ნაკლებად გავრცელებულია.

გია აბაშიძის შეფასებით, კორუფცია ხალხის აღქმაში სწორედ ნეპოტიზმს უკავშირდება. 

„ეს არის მთავარი მაჩვენებელი. მოსახლეობის აღქმაში ნეპოტიზმი, რაც მხოლოდ ნათესავებისა და მეგობრების სამსახურში აყვანას გულისხმობს, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში, მოსახლეობა აღიქვამს სწორედ არადემოკრატიულ პროცესად და ეს ლოგიკურია. ისევე როგორც ნეპოტიზმი, მის აღქმაში, ასევე უკავშირდება კორუფციას, ესეც სრულიად ბუნებრივი მოვლენაა.“ - ამბობს ექსპერტი.

მისი აზრით, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამე უნდა შეცვალოს როგორც პარლამენტში, ისე აღმასრულებელ ხელისუფლებაში, უნდა განხორციელდეს ცვლილებები იგივე საპარლამენტო გუნდშიც.

„მათ კარგად იციან შიდა კვლევებით ვინ არის უფრო მისაღები, შესაბამისად, უნდა შეიცვალოს ლიდერები უმრავლესობის, კომიტეტის თავმჯდომარეები თუ ვიცე სპიკერი... მე არ ვიცი, შიდა კვლევები თავად იციან... თორემ, უკვე დიდი ხანია საუბრობენ გუნდის განახლებაზე და არაფერი არ ხდება. მოლოდინები გააჩინეს და არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს მოლოდინები დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება.“

კვლევის მიხედვით, მოქალაქეები ყველა უწყებაში კორუფციის მთავარ ფორმად ნეპოტიზმს ასახელებენ. მაგალითად, იმ მოქალაქეების 63%, ვინც მიიჩნევს, რომ სამინისტროებში კორუფცია გავრცელებულია, ამბობს, რომ კორუფცია სწორედ ნეპოტიზმს გულისხმობს.

გია აბაშიძე შემთხვევით არ ამახვილებს ყურადღებას პირველ რიგში სწორედ პარლამენტზე. ის მიიჩნევს, რომ შედეგები აქ ყველაზე უფრო კატასტროფულია, განსაკუთრებით მაჟორიტარების ნაწილში, გამოკითხულთა 62% არ იცნობს თავის მაჟორიტარს. პარლამენტი არაეფექტურია - მოსახლეობა მას პოლიტიკური კინკლაობის არენად აღიქვამს.

„პრაიმტაიმის“ კითხვაზე რამდენად ეს აღქმადობა უკავშირდება „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე პროცესებს - მუდმივ დაპირისპირებებსა და ბრალდებებს, გია აბაშიძე ამბობს, რომ ასეთი ფაქტორები პარლამენტის საქმიანობის რეიტინგზე ნამდვილად აისახება: „ეს კვლევა ახლა, იანვარში, რომ ჩატარებული, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა, ამბობს ექსპერტი.

„ხალხის მოთხოვნები ბმაშიც კი არ არის პარლამენტთან, ხალხს სხვა პრობლემები აქვს, პარლამენტი კი პოლიტიკური კინკლაობით არის დაკავებული, ასეთია სწორედ მოსახლეობის აღქმა და ეს კვლევებშიც აისახა.“ - ამბობს გია აბაშიძე.  

მისივე თქმით, არსებობს ყველა პირობა ახალი პოლიტიკური ძალის შექმნისთვის, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე უნდა იყოს ფოკუსირებული: „თუ ასეთი პარტიის შექმნა მოხერხდება, მას არსებობის შანსი ექნება, თუ ვერა, მაშინ გაქრება ისევე როგორც, სხვა არაერთი პარტია“.