ისრაელმა დაამტკიცა კანონი, რომელიც სამედიცინო მარიხუანას ექსპორტზე გატანას ლეგალურს ხდის.
მთავრობა იმედოვნებს, რომ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ადგილობრივ წარმოებაში ინვესტიციების გაზრდას.
აღნიშნული კანონის მიღებით, ისრაელი ნიდერლანდებისა და კანადის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ქვეყანა გახდა, სადაც სამედიცინო მარიხუანას პროდუქტების ექსპორტი ნებადართულია.
ისრაელში ათობით კომპანია ფუნქციონირებს, რომლებიც სამედიცინო მარიხუანას წარმოებაზე მუშაობენ. მთავრობის მიერ ნებადართული კომპანიები თავიანთი პროდუქტის ექსპორტს შეძლებენ იმ ქვეყნებში, სადაც მარიხუანა ლეგალურია.
მარიხუანა წმინდა მიწაზე ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან იყო ნებადართული კიბოსა და ძლიერი ტკივილების მქონე პაციენტებში. 2004 წლიდან ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა მარიხუანას გამოყენება ექსპერიმენტულ მკურნალობაში დაიწყეს, რომლის სამიზნეც პოსტ-ტრავმატული სტრესის მქონე სამხედროები იყვნენ.
მარიხუანას ოფიცუალური დეკრიმინალიზაცია კი ისრაელში 2017 წელს მოხდა. წმინდა მიწა სამედიცინო მარიხუანას კვლევისა და ინოვაციების კუთხით, გლობალურ ლიდერად ითვლება.