2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებული ქართველები რუსეთისგან 10 მილიონი ევროს კომპენსაციას მიიღებენ

15:41 01-31-2019
235

საქართველოს სახელმწიფოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია ჩაერიცხება. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, 2006 წელს რუსეთიდან დეპორტირებულ ქართველებთან დაკავშირებით, სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს მიიღო.  

"დღეს სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ 16 ხმით 1 ხმის წინააღმდეგ, გამოიტანა საქართველოს სახელმწიფოს სასარგებლოდ გადაწყვეტილება, საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ. 

პირველი ეტაპი 2014 წელს საქართველოს გამარჯვებით დასრულდა, ხოლო მეორე ეტაპი, რომელიც ეხებოდა კომპენსაციის საკითხს დასრულდა დღეს ამ გადაწყვეტილებით. მოცემული გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს სახელმწიფოს ჩაერიცხება 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია, რომელიც გადაეცემა იმ დაზარალებულებს, ვინც იყო 2006 წელს რუსეთის ფედერაციის კოლექტიური გამოწვევების მსხვერპლი", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.