დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე, რომელიც დღეს მატროსოვის ციხეში მისი ძმის, დეკანოზ გიორგი მამალაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა, აცხადებს, რომ დეკანოზის ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია ის დროულად ეზიაროს.
როგორც თორნიკე მამალაძემ საპატრიარქოსთან ჟურნალისტებს განუცხადა, დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება.
"გამომდინარე აქედან, მოვითხოვთ ზიარებას. გვითხრეს, რომ შობამდე მას აზიარებდნენ მეუფე დიმიტრის კურთხევით, თუმცა ამის შემდეგ გვითხრეს, რომ საბუთებს მოაგვარებდნენ და აუცილებლად მოხდებოდა მისი ზიარება საკურნებლად სულისა და ხორცისა. შემდეგ, როგორც გაირკვა, შეიქმნა პრობლემები საქართველოს საპატრიარქოდან", - განაცხადა დეკანოზის ძმამ.
თორნიკე მამალაძის განცხადებით, უთხრეს, რომ საქმე სინოდზე იქნებოდა გატანილი და აუცილებლად განიხილებოდა გიორგი მამალაძის ზიარების საკითხი, მაგრამ ასე არ მოხდა, სინოდის შემდეგ სხდომამდე კი დიდი დროა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე დაკავებიდან ერთი წლის თავზე, 2018 წლის თებერვალში, სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო. თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქის რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის 9 წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.
დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა 5 სექტემბერს მიუსაჯეს.