ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, მიხეილ კალანდიას ჩვენებას, წინასწარ ეჭვ ქვეშ აყენებს.
როგორც ტარიელ კაკაბაძემ სააპელაციო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ კალანდია ძმასთან ერთად სავარაუდოდ, ან 12, ან 26 თებერვალს დაიკითხება.
"ამ მოწმემ არაერთხელ შეცვალა ჩვენება, გვაქვს მოლოდინი, რომ ბრალდების მხარის მითითებით, ეს მოწმე კიდევ ერთხელ შეცვლის ჩვენებას. მოწმე, რომელიც 6-ჯერ დაიკითხება და ექვსჯერვე შეცვლის ჩევნებას, არ შეიძლება მისი ჩვენება სასამართლომ უტყუარად მიიჩნიოს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.
მეორე ინსტანციაში ორივე მხარე დავობს. პროკურატურა შეცვლილ კვალიფიკაციას და დაცვის მხარე გამამტყუნებელ განაჩენს ასაჩივრებს.
საქალაქო სასამართლოს განაჩენის მიხედვით, გ.ჯ, რომელსაც ბრალად ედებოდა დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ დამნაშავედ ცნო მკვლელობის მცდელობისთვის. მეორე არასრულწლოვანს, გ.ბ-ს, რომელსაც ბრალად ედებოდა, როგორც დავით სარალიძის, ასევე ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობა, სასამართლომ ერთი ბრალდება მოუხსნა და ის დამნაშავედ ცნო ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში.
დაცვის მხარის ინფორმაციით, მეორე ინსტანციაში ერთ-ერთი ახალი მტკიცებულება ის ექსპერტიზა იქნება, რაც საქმეზე მათი დაკვეთით ბრიტანელმა ექსპერტებმა ჩაატარეს.