საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილისთვის გაუგებარია გედევან ფოფხაძის განცხადება სამი დღის შემდგომ, როცა მისი თქმით, გედევან ფოფხაძეს უმრავლესობის სხდომაზე პროცედურასთან დაკავშირებით პროტესტი არ გამოუთქვამს.
„ჩემთვის გაუგებარი და უხერხულია გედევან ფოფხაძის მხრიდან სამი დღის შემდეგ გაკეთებული განცხადება, რადგან პროტესტი პროცედურასთან დაკავშირებით თვითონ შეკრებაზე არ დაფიქსირებულა, როდესაც იგი იმყოფებოდა ამ უმრავლესობის სხდომაზე.
არანაირი პროცედურის დარღვევა იქ არ ყოფილა. აბსოლუტურად ყველა დეპუტატი არ იმყოფებოდა, თუმცა დეპუტატების უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას. მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა არ აიწია ხელი. გედევან ფოფხაძის მხრიდან, ადამიანისგან, რომლიც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო და „რა? სად? როდის“ გამორჩეული მოთამაშე, ნამდვილად გასაკვირია ასეთი განცხადება.
მე ველოდები რომ ანრი ოხანაშვილს ავირჩევთ და ის იქნება იურიდიული კომიტეტის ძალიან წარმატებული თავმჯდომარე, რადგან ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია. დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხზე, რომელმაც ძალიან დიდი ხმაური გამოიწვია, სამართლიან და ღირსეულ როლს შეასრულებს, როგორც კომიტეტის თავმჯდომარე“, - აცხადებს დეპუტატი.