ზუგდიდის მერის არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციიდან, სავარაუდოდ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია მიიღებს მონაწილეობას.
როგორც მისმა თანაგუნდელმა რომან გოცირიძემ "პრაიმტაიმს" განუცხადა, ერთ-ერთ ვერსიად სწორედ ნიკა მელიას კანდიდატურა განიხილება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ მერის კანდიდატი რეგიონიდანაც შეირჩეს.
"მელია პარლამენტის წევრია ამვდროულად. მას მოუწევს საპარლამენტო თანამდებობის დატოვება ასეთ შემთხვევაში და სწორედ ამიტომ ვმსჯელობთ", - უთხრა გოცირიძემ "პრაიმტაიმს".
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები მაისში უნდა გაიმართოს.
ზუგდიდის მერის თანამდებობობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. პირველ ნოემბერს კი მერი და მისი მოადგილე, გია გულორდავა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.