მზად ვარ გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას და საზოგადოებას - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ქართული ოცნების გუნდს, ყველა იმ ადამიანს ვინც, მე მხარი დამიჭირა, პარტიის ხელმძღვანელობას ვინც მე დამასახელა ამ პოზიციაზე. ძალიან კარგად ვაცნობიერებ ამ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც მე როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს მეკისრება. იურიდიული კომიტეტი არის ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და წამყვანი კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საკონონმდებლო ცხოვრებაში. შესაბამისად, მე ვაცნობიერებ ამ პასუხისმგებლობას და მზად ვარ გუნდთან ერთად გავაკეთო ყველაფერი იმისთვის, რომ ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, საზოგადოებას და ჩვენი ნებისმიერი რეფორმა ჩვენი საზოგადოების ინტერესებს ემსახურებოდეს, - განაცხადა ოხანაშვილმა.
რაც შეეხება კონკრეტული პირების მხარდაჭერას, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ის ნებისმიერ განსხვავებულ აზრს პატივს ცემს და აღნიშნავს, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია.
ეს მათი არჩევანია. ეს არის დემოკრატიის ნაწილი. მე პატივს ვცემ ნებისმიერ განსხვავებულ აზრს, როგორსაც ისინი აფიქსირიბენ. შესაბამისად, ეს არის ჩვენი დემოკრატიული მონაპოვარი. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი ადამიანების პოზიციაც მოვისმინოთ. თუმცა, იმ პირებს შორის ვინც მხარი არ დაუჭირა ჩემს კანდიდატურას მხოლოდ ერთი ადამიანი იყო, ვინც ეს დააფიქსირა- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ანრი ოხანაშვილი აირჩია. კენჭისყრის დროს სხდომათა დარბაზში 126 დეპუტატი იმყოფებოდა. მათგან 98-მა დეპუტატმა ოხანაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა, ხოლო ოთხმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა. მათ შორის იყო გედევან ფოფხაძე.