სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით - სიახლეები განათლების სფეროში

10:52 02-06-2019
42
თეგები: განათლება

განათლების რეფორმის ფარგლებში 2021-2023 წლებისათვის სასკოლო მზაობის პროგრამა უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა აღსაზრდელებისთვის. 

განათლების სამინისტროს ინიციატივით, ზოგადი განათლების მიმართულებით შემუშავდა უნარებისა და ღირებულებების განვითარებაზე, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებაზე, სწრაფად ცვალებად გარემოში ადაპტირებასა და წიგნიერებაზე ორიენტირებული „ახალი სკოლის“ მოდელი.

„ახალი სკოლის" მოდელის პილოტირება 150-ე საჯარო სკოლაში წარმატებით განხორციელდა და მისი დანერგვა ეტაპობრივად 2024 წლისათვის ყველა სკოლაში მოხდება.

"ახალი სკოლის" მოდელის ფარგლებში, სკოლებში განახლდება კომპიუტერული კლასები, აღიჭურვება ინტერნეტითა და WiFi-ით. პირველკლასელთა ნეტბუქები მოდიფიცირდება თანამედროვე საგანმანათლებლო რესურსებით (მაგ. Minecraft Education Edition, Scratch და სხვა). განვითარდება ვებგვერდის el.ge, სადაც თავმოყრილი იქნება საგანმანათლებლო და შემეცნებითი რესურსები. დაინერგება სთრიმინგ გაკვეთილები. საინტერესო სპიკერები ონლაინ რეჟიმში ჩაატარებენ ლექციათა ციკლს, რომელიც მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნების განვითარებასა და მათემატიკური და ალგორითმული უნარების გაღრმავებაზე იქნება ორიენტირებული.