"ევროპული საქართველოს“ წევრი სერგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ უმაღლესი განათლების შესახებ კანონში შევიდეს ცვლილებები და ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო.
ამის შესახებ სერგი კაპანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩვენ ბოლო პერიოდში ვნახეთ ძალიან სახიფათო ნაბიჯები განათლების სამინისტროს მხრიდან, რომელიც ეხება ჩვენი მომავალი თაობის განათლებას და ზოგადად, ქვეყნის მომავალ კეთილდღეობას. მათ დაანონსეს გარკვეული რეფორმა უმაღლესი განათლების და ზოგადი განათლების მიმართულებით და რეალურად წარმოადგინეს ამ კვაზი რეფორმის მხოლოდ ორი კომპონენტი და ორივე მათგანი მიზნად ისახავს მხოლოდ გამოცდების გაუქმებას. პირველ რიგში მათი ეს კვაზი რეფორმა შეეხო CAT - ის ანუ კომპიუტერით ადაპტირებული ტესტების გაუქმებას და მეორე დაანონსეს, რომ 2020 წლისთვის სავალდებულო აღარ იქნება ზოგად უნარებში ტესტი“,- განაცხადა კაპანაძემ.
მისივე თქმით, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა, რომ საკანონმდებლო ორგანოში დაარეგისტრიროს საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხება იმას, რომ ზოგადი უნარების ტესტი გახდეს სავალდებულო კანონის დონეზე, როგორც ეს იყო ბოლო 15 წლის განმავლობაში.