"პრიორიტეტია, გავიდეთ პირველწყაროზე, ვინც ჩანაწერი გაავრცელა" - შს მინისტრის მოადგილე

12:42 02-07-2019
70

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გამოძიება არაერთ ვერსიაზე მუშაობს.

როგორც ბორცვაძე განმარტავს, გამოძიებისთვის პრიორიტეტს პირველწყაროზე გასვლა წარმოადგენს, რომელმაც ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

"ნომერ პირველი პრიორიტეტი ამ სისხლის სამართლის საქმეში არის ზუსტად ის, რომ გავიდეთ პირველწყაროზე, თუ ვინ გაავრცელა ეს ჩანაწერი. გამოძიება გრძელდება, გრძელდება ასევე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, გაგვაჩნია არაერთი ვერსია, მივდივართ არაერთი მიმართულებით, დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ბოცვაძემ.

კითხვაზე, 2016 წელს, როცა ფარული ვიდეოჩანაწერები გავრცელდა, ჩატარდა თუ არა შესაბამისი საგამოძიებო ღონისძიებები, შს მინისტრის მოადგილე პასუხობს, რომ აღნიშნული საქმეც გადამოწმდება.

თუ სად და ვისთან ინახებოდა ფარული ვიდეოჩანაწერები, შს მინისტრის მოადგილე აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს გამოძიების საგანია.