განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ფიქრობს, რომ დღეს ჩრდილოვან განათლებაში ასობით მილიონი ლარი მიედინება.
ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას სკოლებზე საუბრისას განაცხადა.
"ის ცვლილებები, რომელიც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი, ორიენტირებულია იმისკენ, რომ მაქსიმალურად დავუბრუნოთ სკოლას თავისი როლი. სკოლას უნდა დავუბრუნოთ სკოლის ფუნქცია, თუმცა ყველა მექანიზმი უნდა გვქონდეს იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ბავშვები და მშობლები, რომ სკოლაში არ მოხდეს ეს. დღევანდელი ვითარება რაც გვაქვს, ამას ჰქვია აბსოლუტური კორუფცია, რადგან ჩრდილოვან განათლებაში მიედინება ასობით მილიონი ლარი. მე ვიტყოდი, რომ დღევანდელ სისტემაში გვაქვს ჩრდილოვანი განათლება, რაც ნაწილობრივ კორუფციის ელემენტებს მოიცავს. სასწავლო პროცესი ბოლო წლებში ორიენტირებული გვაქვს ჩრდილოვან განათლებაზე, რაშიც მშობლები იხდიან ასობით მილიონ ლარს და შედეგები იმას ამბობს, რომ ეს ყველაფერი მიმართული არ არის განვითარებისკენ. ყველა რეფორმა მიმართულია იქით, რომ გაძლიერდეს სკოლა და მშობელი დავიცვათ კორუფციისგან“, - აღნიშნა მინისტრმა.