"გამოცდების გაუქმება ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს..." - ემზარ კვიციანი

15:35 02-07-2019
7045

"პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატი ემზარ კვიციანი თვლის, რომ გამოცდების გაუქმება, ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს.

როგორც კვიციანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განათლების მინისტრ უსმენენ, აღნიშნა, ქართული გენოფონდი ნადგურდება და სახელმწიფომ უნდა მოიფიქროს პროგრამები, რომლითაც სტიმულს მისცემს ერს გამრავლებისთვის.

"განათლების მინისტრის მოხსენებიდან ერთი ფრაზა მომხვდა ყურში, გამოცდებმა დააცარიელეს სკოლები, ანუ ერის გამრავლებას შეუწყობს ხელს გამოცდების გაუქმება. აი, ისევ მივადექით ყველაზე დიდ პრობლემას, რომელზეც ძალიან ბევრი კითხვა და ძალიან კარგი კითხვები დაისვა, მაგრამ კაციშვილმა არ ილაპარაკა მთავარ პრობლემაზე, რასაც ჩვენი გენოფონდის განადგურება ჰქვია.

განადგურებისკენ მივდივართ, ანუ სკოლებში არ გვყოფნის და არ გყოფნით მოსწავლეები. ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა, ფიქრობთ თუ არა ბატონო მინისტრო, რომ საჭიროა მოიფიქროს სახელმწიფომ ისეთი სოციალური პროგრამები, რომლითაც ხელს შეუწყობს ახალი ოჯახების შექმნას და მისცემს მიმართულებას ერს გამრავლებისკენ", - განაცხადა ემზარ კვიციანმა.