პატიმარი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში ადვოკატმა სცემა - ფაქტი ვიდეოკამერამ დააფიქსირა

18:10 02-07-2019
1393

სასჯელაღსრულების გლდანის N8-ე დაწესებულებაში მყოფი პატიმარი აცხადებს, რომ ადვოკატმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.  

საუბარია ადვოკატ გიორგი მდინარაძეზე, რომელიც ე.წ. სახაზინო წესით ბრალდებულ ი.თ-ს ინტერესებს იცავდა, რომლის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. საქმე სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდა, ხოლო მსჯავრდებულმა ი.თ-მ არასათანადო დაცვის გამო გიორგი მდინარაძის მომსახურეობაზე უარი განაცხადა და ახალი ადვოკატი აიყვანა. 

გიორგი მდინარაძე 10 იანვარს ი.თ-ს ციხეში შეხვდა, მათ შორის სიტყვიერი კონფლიქტი კი მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. 

მსჯავრდებულის გადმოცემით, ადვოკატმა მას ჯერ ჩანთა ჩაარტყა თავში, შემდეგ კი სხვა სახის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. 

ბრალდებებს უარყოფს ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განმარტავს, რომ პირიქით, მსჯავრდებულის მხრიდან თავდასხმის სამიზნე თავად გახდა, რის გამოც იძულებული იყო მის ხელთ არსებული ქაღალდები პატიმრის მიმართულებით მოექნია. 

„ეს პატიმარი განაწყენებული იყო და მე მაბრალებდა გამამტყუნებელ განაჩენს. მანამდე მიჩიოდა ეთიკის კომისიაშიც, სადაც დადასტურდა მისი ტყუილები. გადაკიდებულია რა. იმ დღეს ციხეში შემთხვევით შემხვდა, ისევ ამაზე ჩამოაგდო საუბარი და ვუთხარი - ეს ხომ უკვე გავარკვიეთთქო. დაიწყო შეურაცხყოფა, გინება და ჩემი მიმართულებით გამოიწია. მიქნევდა ხელებს და ფეხებს. პროვოკატორია. ამბობს, რომ რაღაც ჩამარტყაო, რაც სისულელა. რაღაც ფურცლები იყო და იმ მომენტში მოვუქნიე უბრალოდ. არასწორია ინფორმაცია, თითქოს ჩანთა ჩავარტყი”, - განუცხადა „პრაიმტაიმს“ ადვოკატმა გიორგი მდინარაძემ. 

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, ციხეში მომხდარი ინციდენტი იქვე დამონტაჟებულმა სათვალთვალო კამერებმაც დააფიქსირეს. სავარაუდოდ, ამ ჩანაწერის შესწავლის შემდეგ გამოძიებას ექნება სრული სურათი თუ ვინ განახორციელა ძალადობა. 

ფაქტს ჰყავს რამდენიმე თვითმხილველიც. ერთ-ერთი მათგანი, ადვოკატი გიორგი ბერიძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დაპირისპიების ფაქტს ადასტურებს, თუმცა მომხდარის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.  

გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 

“პრაიმტაიმი” ამ საკითხზე იუსტიციის სამინისტროს პენიტენციურ სამსახურსაც დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს:

“2019 წლის 10 იანვარს N8 პენიტენციური დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებული, ი.თ მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ გიორგი ბერიძესთან შეხვედრის მიზნით მე-3 სარეჟიმო კორპუსიდან გადაყვანილ იქნა N8 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული შენობის მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულზე. 16:42 საათზე შეყვანილ იქნა შეხვედრების N10 ოთახში, სადაც მას ელოდებოდა ადვოკატი. დაახლოებით 16:56 საათზე ადვოკატმა გიორგი ბერიძემ, მსჯავრდებულ ი.თ-ს თხოვნით, შეხვედრების ოთახში მიიწვია ადვოკატი გიორგი მდინარაძე, რომელიც მე-4, ე.წ. საგამოძიებო სართულის დერეფანში იმყოფებოდა თავისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის მიზნით. მდინარაძის შესვლის შემდეგ, მსჯავრდებული მოულოდნელად გახდა აგრესიული და ადვოკატ გიორგი მდინარაძისათვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება დაიწყო, რის საპასუხოდაც მდინარაძემ ი.თ-ს საქაღალდე ესროლა, რომელიც მსჯავრდებულს  მსუბუქად მოხვდა თავის არეში. ხმაურზე დაწესებულების თანამშრომლების მიერ მოხდა მყისიერი რეაგირება და მდინარაძესა და ი.თ-ს შორის კონფლიქტი აღარ გადაზრდილა ფიზიკურ დაპირისპირებაში (აღნიშნულ ოთახში ხორციელდება 24-საათიანი ელექტრონულ-ვიზუალური მეთვალყურეობა). 

მორიგე ქირურგმა დაუყოვნებლიც განახორციელა როგორც ი.თ-ს, ასევე, გიორგი ბერიძისა და გიორგი მდინარაძის შემოწმება-დათვალიერება. სამედიცინო ცნობების თანახმად, არც ერთ მათგანს, გარეგანი დათვალიერებით,  ტრავმული დაზიანება არ აღენიშნებოდა. მსჯავრდებულ ი.თ-ს განმარტებით, მისი ყოფილი ადვოკატის, გიორგი მდინარაძის მიმართ  აგრესიული ქმედების მიზეზი გახდა ის, რომ იგი უკმაყოფილოა მისი საადვოკატო მომსახურებით.  

ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და ფაქტზე დაწყებულია გამოძიება”.

ადვოკატი გიორგი მდინარაძე საზოგადოების ფართო წრისთვის ცნობილი გახდა 2015 წლის ნოემბერში, როდესაც განაცხადა, რომ ვაკე საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილებაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ფაქტზე, პოლიციის განყოფილების უფროსი ლაშა კვირკვაია დააკავეს, რომელიც პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებაში პირველმა ინსტანციამ უდანაშაულოდ სცნო, თუმცა უზენაესმა სასამართლომ მის მიმართ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ყოფილ პოლიციელს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. ლაშა კვირკვაია დღესაც ამტკიცებს, რომ ადვოკატ მდინარაძის პროვოკაციის მსხვერპლია და თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ადვოკატმა თვითდაზიანებები მიიყენა და მომხდარი მასზე განხორციელებულ ძალადობად წარმოაჩინა.