გურჯაანის სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მხოლოდ გიორგი ვაშაძე ცნო

15:01 02-08-2019
392

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის საქმეზე, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი, ნიკა მელია, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო, ხოლო გიორგი ვაშაძეს კი, 3000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

ბრალდება მელიასა და ვაშაძეს ედავებოდა 16 დეკემბერს, სოფელ ველისციხესთან დაპირისპირების დროს, პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასა და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. 

მოსამართლე დევი დევიძის განმარტებით, არ არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ნიკა მელიას მიერ სამართალდამცავებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტს.

რაც შეეხება გიორგი ვაშაძეს, დევიძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარდგენილ ვიდეო მტკიცებულებაში, აშკარად იკვეთება, ოპოზიციის ლიდერის მიერ პოლიციელების შეურაცხყოფა. დაცვის მხარე, სასამართლოს გადაწყვეტილებას, გიორგი ვაშაძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, არ ეთანხმება და გადაწყვეტილებას, შემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს. 

"ჩვენ ვთვლით, რომ ნიკა მელიას მსგავსად გიორგი ვაშაძესაც არ დაურღვევია კანონი. დაველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს და დიდი ალბათობით გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ", - განაცხადა ადვოკატმა ივანე პეტრიაშვილმა. 

ბრალდების მხარეც, არ იზიარებს მოსამართლე დევი დევიძის გადაწყვეტილებას, ნიკა მელიასთან დაკავშირებით და მის გასაჩივრებას, შემდგომ ინსტანციაში გეგმავს.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი

ავტორი: რუსა ღვანიძე