იმ ფორმით და იმ სისტემით, რომლითაც არსებობდა საატესტატო გამოცდები, აბსოლუტურად ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი ბავშვები ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარების მომენტში არათანაბარ პირობებში იყვნენ და აღნიშნავს, რომ გამოცდის ჩაბარების მიზნით, მშობლებს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაწევა.
„არაერთგვაროვანი კრიტიკა ჟღერდება გამოცდების რეფორმასთან დაკავშირებით. იმ ფორმით და იმ სისტემით, რომლითაც არსებობდა საატესტატო გამოცდები, აბსოლუტურად ვერ პასუხობდა განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნებს. ზოგადი უნარების ტესტების სავალდებულო სიიდან ამოღებაც ასევე აბსოლუტურად გამართლებულია, რადგან ის არათანაბარ პირობებში აყენებდა ჩვენს მოსწავლეებს. დღეს აქ საუბარი იყო იმაზე, რომ ზოგადი უნარების ტესტი იყო ერთადერთი საშუალება იმისა, რომ სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი გამხდარიყო განათლება. მე ვფიქრობ, აღნიშნულ ფორმულირებაში გვაქვს ალოგიკური ბმა, რადგან სწორედ სოციალურად დაუცველი ბავშვები იდგნენ არათანაბარ პირობებში, გამოცდის ჩაბარების მომენტში. სკოლა არ აძლევდა მათ მომზადების საშუალებას, ნებისმიერ მშობელსა და მოსწავლეს უწევდათ დამატებითი ფინანსური რესურსების გაღება ამ გამოცდის ჩასაბარებლად“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.