სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, მოესმინათ განსხვავებული აზრი - თეა წულუკიანი

14:05 02-12-2019
182

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, გამოხატოს განსხვავებული აზრი, როგორც ქვეყნის ტერიტორიაზე, ასევე უცხოეთში, მით უმეტეს, როდესაც ეს უცხოეთი არის დემოკრატიული ქვეყანა, ბელგია და მისი ერთ-ერთი ქალაქი.

ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ლიეჟში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებთან შეხვედრის შესახებ განაცხადა, რომელსაც ემიგრანტების ნაწილი ვერ დაესწრო.

„ვფიქრობ, სააკაშვილის, მისი გუნდისა და ორგანიზატორების მოვალეობა იყო, რაც არ უნდა მიუღებელი ყოფილიყო განსხვავებული აზრი, მისთვის მოესმინათ ან თუ არ მოუსმენდნენ, შემწყნარებელი პოზიცია მაინც ჰქონოდათ, მაგრამ, როგორც ადრეც ითქვა, მათი სტილი არ არის განსხვავებული აზრის მოსმენა, შეწყნარება. ნათლად ვნახეთ, რომ ისევ იმ მეთოდებით ცდილობენ საკუთარ მოქალაქეებთან ბრძოლას, განსხვავებული აზრის ჩახშობას და დაუშვებელი მეთოდების გამოყენებას. რა თქმა უნდა, ეს  მათთვისვე არის საზიანო. შესაბამისად ბევრი არაფერი შეიძლება ითქვას, რადგან აბსოლუტურად არასერიოზული და მიუღებელი მოვლენები ვიხილეთ მათი მხრიდან“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.