“საქართველოს ეკლესია გაყოფის საფრთხის წინაშეა” - ზვიად ცაბაძე

15:50 02-12-2019
416

თეოლოგი ზვიად ცაბაძე საქართველოს ეკლესიის გაყოფას პროგნოზირებს და ამის რამდენიმე არგუმენტს ასახელებს.

მისი თქმით, ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქომ მრავალი სასულიერო თუ საერო პირი, რომლებიც მას სამართლიანად უპირისპირდებოდნენ ან აკრიტიკებდენ, სრულიად ან ნაწილობრივ მოიკვეთა საკუთარი წიაღიდან. ბევრი მათგანი ამ მდგომარეობაში გარდაიცვალა, მხოლოდ ზოგიერთი ინარჩუნებს ძალას, კვლავ დარჩეს სარწმუნოების და სულიერი ცხოვრების გალავანს შიგნით.

"საპატრიარქოს ამჟამინდელი ზეწოლა კრიტიკოსთა მიმართ შედარებით შესუსტდა, თუმცა პიროვნებათა ''გაფუჭების" პრინციპი იგივე დარჩა - ის ვინც დამყაყებულ და დაჭაობებულ სისტემას აკრიტიკებს, შერაცხულია ეკლესიის და პატრიატრქის უპირობო მტრად, თუმცა, სოციალური მედიის განვითარების პიკზე ( ეს ეხება განსაკუთრებუთ ,,ფეისბუქს" ) მტრის ხატის შექმნის ცნობლი ფორმულა უსუსურად გამოიყურება და დღითიდღე ძალას კარგავს - მრავლდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სხვადასხვა საშუალებებით ალტერნატიულ ინფორმაციას იღებს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე და სათანადო დასკვნები პიროვნული განსჯის შედეგად გამოაქვს. 

როგორც ჩანს საქართველოს საპატრიარქო სოციალური მედიის ძალას გრძნობს, მაგრამ სათანადოდ ვერ აფასებს მას და ეს საბოლოოდ გახდება ამ სისტემის რღვევის ერთ-ერთი საშუალება. აქედან გამომდინარე ჩვენი, თეოლოგების და მრევლის აქტიურობას და ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესების შეძლებისდაგვარად ობიექტურ შეფასებას და მათზე სათანადოდ რეაგირებას(მგომარეობის გამოსწორების მიზნით) ალტერნატივა არ აქვს", - წერს სოციალურ ქსელში ტეოლოგი.