"ვისაც გგონიათ, რომ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა მიღებული, ღმერთმა გაგიმარჯოთ" - ნიკა მელია დავით კირკიტაძის საქმეზე

16:06 02-12-2019
97

გახარიამ ჩასძახა, ამ მოსამართლემ ამოსძახა, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილის გადაწყვეტილება დავით კირკიტაძის წინასწარ პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

მელიას განცხადებით, მოსამართლის გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივით იყო განპირობებული.

„სასაცილოა, რომ დავით კირკიტაძის მიმალვის საფრთხე არსებობს. თითქოს არსებობს საფრთხე, კირკიტაძე საზღვარგარეთ წავიდეს და აღარ დაესწროს სასამართლო სხდომებს. ეს იყო საფუძველი, რის გამოც ის პატიმრობაში დატოვეს. ვისაც სჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად იქნა გურჯაანის სასამართლოში მიღებული, ღმერთმა გაგიმარჯოთ. დარწმუნებული ვარ, ძალიან ცოტანი ხართ ასეთი. რა თქმა უნდა, ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ღმერთმა შეგარგოთ „ზონდერები“, გეგეშიძეები, რომლებიც ჯაჭვით სცემენ ხალხს. არავის ციხეში ყოფნა არ გამიხარდება, მაგრამ თანამდებობაზე ჰყავთ დღესაც გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციაში. რაც მეტ ასეთ სისულელეს გააკეთებს მურუსიძე, ჩინჩალაძე, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო ძალიან მალე და მწარედ დამარცხდება", -განაცხადა ნიკა მელიამ.

დღეს გურჯაანის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე დავით ნარიმანიშვილმა ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. 

 

 

 

ნიკოლოზ ესიტაშვილი