ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დეპუტატებს ეკონომიკური სტრატეგიის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაო ადგილების შექმნა მხოლოდ ლოზუნგი არ არის.
„ეს ჩვენთვის დიდი გამოწვევაა, ვიცით, რომ უმუშევრობის დონე იკლებს, მაგრამ მაინც ძალიან მაღალი რჩება, რაც ჩვენი სიღარიბის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად შეიქმნას სამუშაო ადგილები“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის ჩათვლით, ყოველწლიურად დამატებით 50-70 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შეიქმნას.
რაც შეეხება ვაჭრობადი საექსპორტო პოტენციალის განვითარებას, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს საქონლის ექსპორტი.
„საქართველოს ეკონომიკა მცირე ეკონომიკაა, ჩვენ ვერ შევძლებთ ყველაფრის წარმოებას, შესაბამისად, ყოველთვის გვექნება იმპორტი, ამიტომ ექსპორტიც უნდა გავაძლიეროთ. მაქსიმალურად უნდა გავზარდოთ საექსპორტო პოტენციალი, რომელიც გვაქვს, განსაკუთრებით საქონლის ექსპორტი – მომსახურების მიმართულებით არცთუ ცუდი პროგრესია. თუ საექსპორტო პოტენციალს არ განვავითარებთ, საქართველოს ეკონომიკის ზრდას სერიოზული პრობლემები ექნება“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.