ბათუმში კვირას აქცია გაიმართება

11:54 02-14-2019
56

ბათუმში კვირას, 14:00 საათზე აქციას მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი და საზოგადოება ბათომი გამართავს, რომელმაც დღეს საგანგებო ბრიფინგზე სამპუნქტიანი მოთხოვნების სია გაასაჯაროვა.

აქციის ორგანიზატორთა მოთხოვნები შემდეგია:

1. შეწყდეს ძველი ბათუმის ნგრევა და გაუქმდეს აჭარის მთავრობასთან არსებული უკანონო, ე.წ. ზონალური საბჭო.

2. რივიერას ტერიტორიაზე, ბათუმის მერიამ და საკრებულომ  არ დაუშვას მაღლივი კორპუსების მშენებლობა და ეს ტერიტორია ისევ დაუბრუნდეს ისტორიული ზონის დაცვის საზღვრებში.

3. ბათუმის მერმა ნავსადგურის ტერიტორიაზე ქიმიური ტერმინალის აშენების ნებართვას  არ მოაწეროს ხელი გზშ-ს ანგარიშის გარეშე.

გვაქვს განცდა, ხელისუფლება ვერ იღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს, ან კორუფციულ გარიგებებში შედის ინვესტორებთან, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის წევრმა ზეინაბ დიასამიძემ.