საქართველოს პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

13:05 02-14-2019
32

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოცხადებულ სტაჟირების კონკურსზე საინფორმაციო შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლეს სასწავლებელში გაიმართა.

საქართველოს პროკურატურაში სტაჟირების შედეგად დასაქმებულმა მენეჯერებმა, პროკურორებმა და გამომძიებლებმა სამართლის სპეციალობის სტუდენტებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს და სტაჟირების პროგრამის უპირატესობებზე ესაუბრნენ.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს დეტალურად გააცნეს პროკურატურის როლი, ფუნქციები, პროკურორის პროფესიული საქმიანობა, კონკურსის პირობები და პროკურატურაში დასაქმების შესაძლებლობები. შეხვედრები ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი პასუხები მათთვის აქტუალურ საკითხებზე.

შეხვედრების დასკვნითი ეტაპი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. მანამდე კი პროკურატურის წარმომადგენლებმა შეხვედრები თბილისისა და რეგიონების 7 უმაღლეს სასწავლებელში გამართეს.