იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ გუნდი იყო შეთანხმებული პრინციპზე, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქმნის სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას.
მისივე თქმით, კანონპროექტის განხილვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს და ახლა უნდა მოისმინონ პოზიციები, ამ პრინციპების შეცვლას რა შედეგები შეიძლება, მოჰყვეს.
"იურიდიული კომიტეტის აპარატი შეისწავლის კანონპროექტს, გავივლით კონსულტაციებს და ასევე არ გამოვრიცხავ, რომ კოლეგებმა დავგეგმოთ ინიციატორებთან საკონსულტაციო შეხვედრაც, რათა მათი პოზიციები მოვისმინოთ. აქამდე პრინციპზე შეთანხმებულნი ვიყავით, რომ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა ქმნის სასამართლოსა და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიას, თუკი ამ პრინციპს მივყვებოდით. ნომერ პირველი საკითხი არის კონსტიტუციურობის სტანდარტი, რომელიც ნებისმიერმა კანონპროექტმა უნდა დააკმაყოფილოს. მეორე საკითხი გახლავთ, რამდენად სამართლიანი იქნება ეს კანონპროექტი იმ პირებისთვის, ვისაც ჰქონდა ლეგიტიმური მოლოდინი, რომ კეთილსინდისიერების და საქმიანობის პროფესიონალურად შესრულების შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებოდათ, დანიშნულიყვნენ უვადოდ. ამ შეკითხვებს სჭირდება პასუხი“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
პარლამენტის ცხრა წევრმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები მოამზადა, რომლის მიხედვითაც, რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განწესება 2024 წლის 31 დეკემბრამდე უნდა შეჩერდეს.