"ვიცოდი, რომ გიორგი ზვიადაძე ჩემი პოზიციების გამო გამათავისუფლებდა"- სასულიერო სემინარიის ყოფილი ლექტორი

18:49 02-14-2019
94

თბილისის სასულიერო აკადემიის აკადემიურმა საბჭომ ლექტორ გოჩა ბარნოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო.

როგორც გოჩა ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილების შესახებ, წინასწარ იცოდა და გულშემატკივრებს მადლობას უხდის. 

"მართალია წინასწარ ვიცოდი, რომ რექტორი გიორგი ზვიადაძე ჩემი პოზიციების გამო სემინარია-აკადემიიდან გამათავისუფლებდა, ჩემთვის გადამწყვეტი აღმოჩნდა ის მორალური და ადამიანური თანადგომა, რასაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი. ამ დღეებში მივიღე თანადგომის უამრავი წერილი ძველი სტუდენტებისაგან, უცხოეთში მყოფი თეოლოგებისაგან, უცხოელი სპეციალისტებისაგან, ჟურნალისტებისაგან, უბრალო ახლობლებისაგან და საერთოდ უცნობი ადამიანებისაგანაც კი. ასევე მადლობას ვუხდი საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც თვლიდნენ, რომ ჩემი აკადემიიდან გაშვება არასწორი იყო და თანამიგრძნობდნენ (რაც დანამდვილებით ვიცი), მაგრამ მოცემულ მომენტში ბოლომდე წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს რექტორს ამ განზრახვას", - წერს გოჩა ბარნოვი.

სასულიერო სემინარიის ლექტორმა, გოჩა ბარნოვმა, 7 თებერვალს "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ის სასწავლებლიდან გაათავისუფლეს და მას მიზეზად "პატრიარქის მტრობას" უსახელებდნენ. მეორე დღეს, 8 თებერვალს აკადემიურმა საბჭომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც წერდნენ, რომ ბარნოვის გათავისუფლების საკითხი მის მიერ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" გაკეთებული განცხადებები გახდა, რომელშიც ბარნოვი უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე და ეკლესიაში პრორუსულ განწყობებზე საუბრობდა. საბჭოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა, რომ თუმცა ბარნოვი ოფიციალურად არ გაუთავისუფლებიათ, საბჭო მის პედაგოგობას მიუღებლად მიიჩნევდა.