მეუფე დანიელი: გიორგი მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, რასაც ეკლესია მიესალმებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ თავი შეიკავა  

11:48 02-18-2019
184

​დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მისი ოჯახის წევრების მოთხოვნას საჩხერე-ჭიათურის ეპარქიის მიტროპოლიტი ეხმაურება. 

„ქრისტიანული სარწმუნოება გეუბნება, ვინმემ რომ რამე დაგიშაოს, თუნდაც ბოროტად მოგექცეს, იმაზეც უნდა იზრუნო. მით უმეტეს, სასულიერო პირის მდგომარეობა, რასაკვირველია, აწუხებს ეკლესიას. მინდა გითხრათ, რომ ჩვენი პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტი შიოს თანაშემწე, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ მოინახულა დეკანოზი და პირადად ესაუბრა. რასაკვირველია, ჩვენ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ვლოცულობთ. უბრალოდ, ვფიქრობთ, რომ თვითონ დეკანოზ მამალაძის გარშემომყოფი პირები ცოტა არათანმიმდევრული არიან. შეიძლება, ეს ყოველთვის მისი სურვილი არ არის, მაგრამ ის ყოველთვის ვერ მართავს იმ პროცესებს, რომელიც მისი გარემოცვისგან ხდება, რადგან ის ციხეშია. მგონი, ამ ადამიანების მოქმედებაში ხშირად არის ელემენტარული შეცდომები.

მაგალითად, ასეთი სახით ზიარების მოთხოვნა – ეს არ ხდება. ზიარება არის დიდი საიდუმლოება, ამას მოძღვრის კურთხევა სჭირდება. ზიარებისთვის ადამიანი ყოველთვის მზად არ არის, ამიტომ ეს მოძღვარმა უნდა გადაწყვიტოს. გადაწყვიტა მოძღვარმა და აზიარა. ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ ეკლესია ამას განიცდის, ზრუნავს, მაგრამ არის რაღაც საზღვრები, რისი გაკეთება შეუძლია და არ შეუძლია. ხშირად, ეკლესიას იმას სთხოვენ, რაც მის ძალებსა და უფლებებს აღემატება“, – განაცხადა მეუფე დანიელმა.

მეუფე დანიელის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი დეკანოზის შეწყალებას აპირებდა, თუმცა ხელისუფლებამ თავი შეიკავა.

„ჩემი და ეკლესიის პოზიცია ასეთია – როდესაც წინა პრეზიდენტი აპირებდა შეწყალებას, ეკლესია მზად იყო და რასაკვირველია, მიესალმებოდა. რასაკვირველია, ეკლესია ახლაც იგივე პოზიციაზე დგას და თუ ეს მოხერხდება, ამის წინააღმდეგი არ იქნება. პირიქით, ეკლესია არის ის, ვინც ასეთ შეწყალებაში მონაწილეობს. მე როგორც ვიცი, პრეზიდენტმა შეწყალება ითხოვა და ხელისუფლებამ თავი შეიკავა, ასე ვიცი, თუმცა, შეიძლება, ზუსტი არ არის“, – განაცხადა მეუფე დანიელმა. 

შეგახსენებთ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში 15 თებერვალს გადაიყვანეს.