სამტრედიის საჯარო ბაგა -ბაღებში ცხენის ხორცის აღმოჩენის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მშობლები ბავშვების მიყვანას ერიდებიან. სამტრედიის 24-ივე საჯარო ბაღში აღსაზრდელების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იკლო. იმ ბავშვების მშობლები კი, რომლებსაც შვილები საჯარო ბაღებში კვლავ დაჰყავთ "პრაიმტაიმთან" საუბარში ჰყვებიან, რომ სხვა გზა არ აქვთ, რადგან სახლში ბავშვების დამტოვებელი არ ჰყავთ.
"რა თქმა უნდა დაუშვებელია ბავშვების ცხენის ხორცით კვება. ესეთი ფაქტი მეტი აღარ უნდა განმეორდეს და სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამაზე. ბაღი იმისთვისაა, რომ ბავშვმა ისწავლოს და განვითარდეს და არა იმისთვის, რომ ჯანმრთელები მოვიყვანოთ და დაავადებულები გაგვატანონ უკან."-განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა ნათია მეცხვარიშვილმა.
მშობლების განსაკუთრებული გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სამტრედიის ბაღებში ცხენის ხორცის აღმოჩენის შესახებ ბაღების ხელმძღვანელებმა მათ ინფორმაცია არ მიაწოდეს. აღნიშნული ფაქტის შესახებ მათთვის ცნობილი მხოლოდ 4 თვის შემდეგ მედიის საშუალებით გახდა. ბაგა-ბაღების აღსაზრდელების მშობლები შ.პ.ს "ელენიკოს" ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ. სწორედ ამ კომპანიამ შეიტანა სამტრედიის 24 ბაგა-ბაღში საქონლის ნაცვლად ცხენის ხორცი.
თავად,ერთ-ერთი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მათ ვიზუალურად ვერ გაარჩიეს საქონლისა და ცხენის ხორცი. ფაქტის შესახებ კი მათთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საბავშვო ბაღებიდან ხორცის ნიმუშები პერიოდული შემოწმების ფარგლებში წაიღო. მოგვიანებით კი ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ ხორცში ცხენის დნმ-ი იყო.
" ათეული წლებია ბაღის ხელმძღვანელი ვარ და ამ სფეროში დიდი გამოცდილება მაქვს. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ ცხენისა და საქონლის ხორცი ერთმანეთისგან ვიზუალურად ვერ გავარჩიეთ. საბედნიეროდ საკვები ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფითად არ აისახა. - განაცხადა მეოთხე საბავშვო ბაღის ხელმძღვანელმა ნანა დუნდუამ.
შეგახსენებთ, რომ სამტრედიის 24 ბაგა -ბაღში ცხენის ხორცის აღმოჩენის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი. თუმცა, თავად ფაქტი გაცილებით ადრე 2018 წლის 16 ოქტომბერს დაფიქსირდა.
სამტრედიის საჯარო ბაგა-ბაღებში ცხენის ხორცის აღმოჩენის ფაქტზე, "შ.პ.ს ელენიკო' 20 ათასი ლარით დაჯარიმდა.
ავტორი: ირაკლი ვაჩიბერაძე