თიბისი ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა რომ მას და მთლიანად ''თიბისი'' ბანკს სახელმწიფო მხარში უდგას.
თუმცა მეორე მხრივ, ხაზარაძეს აშფოთებს სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურის სახალხო განცხადება, მაშინ როდესაც გამოძიება დამთავრებული არ არის და არც სასამართლოა დანიშნული.
''ძალიან გულწრფელი და ობიექტური მინდა ვიყო თქვენს მიმართ, სახელმწიფო მხარში გვიდგას, ეს მომენტი მაშფოთებს. ერთი მხრივ, ჩვენ შეფერხება ამ პროექტთან მიმართებაში არა გვაქვს და მეორე მხრივ, სახელმწიფოს ერთ-ერთი სტრუქტურა აკეთებს ესეთ სახალხო განცხადებას, როდესაც გამოძიება დამთავრებულიც არ არის და სასამართლო დანიშნული ეროვნული ბანკის'' - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით გამოძიება უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, 2008 წლის აპრილ-მაისში, კომპანიებმა შპს „სამგორი M-მა“ და „სამგორი თრეიდმა“ „თიბისი ბანკისგან“ საბრუნავი სახსრების შევსების მიზნობრიობით დაახლოებით 17 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხი აიღეს, რაც იმავე დღეს სესხის სახით გაცემული იქნა ფიზიკურ პირებზე - ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეზე.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, მთელ ამ პერიოდში საგულისხმოა ის ფაქტი, რომ არც „სამგორი M-სა“ და არც „სამგორი თრეიდის“ მიერ სესხის სახით აღებული თანხის გაღება არ მომხდარა, ხოლო მოგვიანებით მათი ჩანაცვლება მოხდა ოფშორში რეგისტრირებული კომპანიით და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის „თიბისი ბანკისთვის“.