ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე მიიჩნევს, რომ ოპოზიციონერმა დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, მითები შექმნა.
როგორც აკაკი ზოიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, აღნიშნული კანონპროექტი მომზადებულია, თუმცა ინიცირების შემდეგ დებატები კვლავ გაიმართება.
„ჩვენ მოვისმინეთ კლასიკური მაგალითი მითების და მცდარი ინფორმაციის ოსტატურად შეზავებული კორიანტელი. საპენსიო ხაფანგის ახალი მითი შექმნა ბატონმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, რომელსაც საერთოდ ეხერხება მითების შექმნა, რათა ადამიანებს მომავლის რწმენა დაეკარგოთ. დაგროვებითი საპენსიო რეფორმა მომავალზე არის გათვლილი, რომლის გარეშეც მიგვაჩნია, რომ ღირსეული სიბერის უზრუნველყოფა შეუძლებელი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც დღეს მუშაობს, ჩართულია შრომით ურთიერთობებში და 20-25 წლის შემდეგ გავა პენსიაში. ამ ადამიანებისთვის ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ვთქვათ - ამ ადამიანებს ექნებათ ღირსეული სიბერე. ამ რეფორმას ალტერნატივა არ გააჩნია. ის ხაფანგი, რომელზეც ბატონი ზურაბი საუბრობდა, სწორედ ისეთი სისტემებით შეიქმნა, რომელსაც შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა არ ჰქონდა“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.