ჟურნალისტი ლაშა მესხი საკანონმდებლო ინიციატივა „მწვანე ხაზებს“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმიანება.
„ახალი ინიციატივის მიხედვით, საქართველოს მასშტაბით, ქალაქის სტატუსის მქონე ყველა დასახლებაში არსებული სკვერების, ბაღებისა თუ პარკების ტერიტორია კანონით იქნება დაცული.
კოორდინატები პირდაპირ იქნება მითითებული კანონში. ეს იქნება დაცული ტერიტორიების შესახებ კანონის მსგავსი, სადაც საზღვრებთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება დაკავშირებული იქნება საკანონმდებლო ცვლილებასთან“, - წერს ლაშა მესხი.
დღეს პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადეს, მიმდინარეობს ახალ ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მალე „მწვანე ხაზების“ სახელწოდებით გახდება ცნობილი და რომელიც პარკებს, ბაღებს, სკვერებს ნებისმიერი სახის კაპიტალური მშენებლობისგან დაიცავს.