ძარცვისთვის ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

12:33 02-20-2019
36

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ძარცვისთვის ბრალდებული რ.ბ. დამნაშავედ ცნო.

სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის ორჯერ ნასამართლევმა რ.ბ-მ 2017 წლის 9 მარტს, ქ.თბილისში,  დ.გ-ს მობილური ტელეფონი წაართვა და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა. 

სამართალდამცველებმა რ.ბ. 2017 წლის 10 მარტს ქ.თბილისში დააკავეს. მას   ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (ძარცვა, იმის მიერ, ვინც ორჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის) და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ რ.ბ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.