"მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან"- სალომე ზურაბიშვილი

12:51 02-20-2019
53

მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ რადიოსადგურ „არ-ტი-ელთან“ (RTL) ინტერვიუში განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში აღნიშნა, მისთვის ძალიან უცნაური შეგრძნებაა, სხვა ქვეყნის პრეზიდენტის რანგში დაბრუნდეს იმ ქვეყანაში, სადაც გაიზარდა.

„მე თავს ვგრძნობ, როგორც სახლში. მე ყოველთვის ვამბობდი და რამდენიმე წლის წინ დაწერილ წიგნშიც აღვნიშნე, რომ მე ვარ ქალი ორი ქვეყნიდან. დღეს მე ვარ იმ ქვეყნის სამსახურში, რომელიც ჩემმა მშობლებმა, ბებიამ და პაპამ დატოვეს, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებლობა დაკარგა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთში დაბრუნება მისთვის სიმბოლურია.

„მე გარკვეულწილად იმიტომაც ამირჩიეს, რომ ევროპაში დასაყრდენი მქონდა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის ქართული წარმომავლობა და ფრანგული განათლება უპირატესობაა.

„ვფიქრობ, სწორედ ამან მოიზიდა ამომრჩევლები“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში.