ითხოვდა თუ არა სპორტის მინისტრის მოადგილე დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას?

16:09 02-20-2019
161

ჭიდაობის ფედერაციის გარშემო დაპირისპირება გრძელდება. „რუსთავი 2-ის“ ინფორმაციით საქართველოს განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე ზურაბ დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვდა. „კურიერმა“ ოლიმპიური კომიტეტის აღმასკომის სხდომაზე ჩაწერილი ფარული აუდიოჩანაწერიც გაავრცელა, რომელის მიხედვითაც შალვა გოგოლაძე ჭიდაობის ფედერაციის ეთიკის კომისიისგან დათუნაშვილის დისკვალიფიკაციას ითხოვდა.

„ინციდენტის მეორე დღეს შევხვდი და ველაპარაკე ფედერაციას და ვთხოვე ამ სპორტსმენისთვის ეთიკის კომისიას დროულად ემსჯელა და დისკვალიფიკაცია მიეცა. ამის მომხრე მე ვიყავი. თუ გეგამ იქ რამე გადაამეტა ეთიკის კომისია გეგაზეც იმსჯელებდა, „პროსტო“ კიდევ ერთხელ გადადგა ნაბიჯი ფედერაციამ იმისთვის რომ არ გასულიყო ასეთ სიღრმეებში, კიდევ ერთხელ მორიგებით და დაჯდომით ეს პრობლემა მოეგვარებინათ, მაგრამ ეს თემა მე სპორტის არ მაწყობს და კიდევ ერთხელ ვიძახი რომ გეგაზე დარტყმა კი არ იყო სპორტზე დარტყმა, ყველა თქვენთაგანზე დარტყმა. თქვენ წარმატებაზე დარტყმა იყო და 2018 წელს რომ გამოვედით ერთ ორგანიზმად აი იმაზე დაგვარტყეს თავზე.“ - ისმის აუდიო ჩანაწერში.

აღნიშნულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით შალვა გოგოლაძემ ჟურნალისტებთან განმარტება მალევე გააკეთა და განაცხადა, რომ მის საუბარს არასწორი შეფასება მისცეს:

„დასამალი არაფერი არ არის. კონფლიქტის მეორე დღეს, როდესაც მე შევხვდი ფედერაციის წარმომადგენლებს ვთხოვე, რომ ფედერაციაში არსებულ ეთიკის კომისიას ემსჯელა იმ პირების მიმართ, რომლებიც ჩართულები იყვნენ ამ კონფლიქტში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს კონფლიქტი აზარალებს ქართულ სპორტს, აზარალებს ქართულ ჭიდაობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მხარეებს, რომ დასხდნენ მაგიდასთან და ეს კონფლიქტი მოლაპარაკების გზით მოაგვარონ. რაც შეეხება ამ ჩანაწერს, ეს საუბარი 2019 წლის 8 თებერვალს შედგა, როდესაც ჩვენს სპორტსმენებს ოლიმპიურ ფესტივალზე ვაცილებდით. ის ინფორმაცია, რომელიც გაჟღერდა კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. მე ვითხოვდი კონფლიქტში მონაწილე ყველა პირის მიმართ ეთიკის კომისიას ემსჯელა და შესაბამისი დისციპლინური გადაწყვეტილება დროულად გამოეტანა.“ - აცხადებს შალვა გოგოლაძე.

„პრაიმტაიმი“ ზურაბ დათუნაშვილსაც დაუკავშირდა და აღნიშნული აუდიო ჩანაწერის შეფასება სთხოვა.

„ჩემთვის გაუგებარია რატომ უნდა დისკვალიფიკაცია. მე ისეთი არაფერი ჩამიდენია, რომ დისკვალიფიკაციას ვიმსახურებდე. რაც შეეხება სპორტზე დარტყმას, გეგა გეგეშიძემ ჩაიდინა ისეთი საქციელი, რაც პირდაპირ სპორტის იმიჯზე ურტყავს. ამ შემთხვევაში სპორტსმენმა კი არ უნდა გადააყენოს პრეზიდენტი, სწორედ ამ საქციელის გამო უნდა გადადგეს გეგეშიძე. ამ ჩანაწერის მიხედვით მგონია, რომ ისეთი სქემა იკვრება, რომელსაც პრეზიდიუმზე ჩემი დამნაშავედ გამოყვანა უნდა.“ - აცხადებს დათუნაშვილი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი, ლერი ხაბელოვი ამბობს, რომ აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მსგავსი შინაარსის განცხადება არ მოუსმენია.

შეგახსენებთ, რომ 23 თებერვალს ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, რომელიც 11 იანვარს საქართველოს ჩემპიონატზე გეგა გეგეშიძესა და ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარი ინციდენტის შესახებ იმსჯელებს. სწორედ ამ სხდომაზე გადაწყდება შეინარჩუნებს თუ არა ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობას.