„ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს“ - ლევან კობერიძე მაია ცქიტიშვილს

17:34 02-20-2019
43

პარლამენტში პლენარულ სხდომაზე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი „მინისტრის საათებში“ წარსდგა. უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძემ მინისტრს მიმართა:

„ძალიან მოხარული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის დღევანდელი გამოსვლა რეალურად აღმოჩნდა ის გზაჯვარედინი, რომელზეც პოზიციის და ოპოზიციის დადებითი ემოციები გაერთიანდა და მინდა გთხოვოთ, ისე კარგად არ იმუშაოთ, რომ ოპოზიციას კმაყოფილებისგან კრიტიკა დაავიწყდეს. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. პარლამენტში თქვენი წინა გამოსვლის დროს ვისაუბრეთ იმ თემაზე, რასაც რეგიონალური განვითარება ჰქვია, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურის პროექტებს ამ შემთხვევაში არ შევეხები, ვიცი, რომ საკმაოდ დიდი მოცულობის სამუშაო არის გაკეთებული და კეთდება. ჩვენ ვისაუბრეთ კლასტერულ განვითარებასთან დაკავშირებით და იმ თემებზე, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალი კლასტერულ ჭრილში იყოს შესწავლილი. მე მადლობას მოგახსენებთ, თქვენ როგორც მინისტრი კომიტეტთან ერთად ამ თემაზე ბევრს მუშაობთ. მინდა გთხოვოთ, ამ საკითხთან დაკავშირებით ერთი სამუშაო შეხვედრა მოვაწყოთ, ოპოზიციასთან ერთადაც, იმდენად რამდენადაც ის ინფრასტრუქტურა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდეს ეკონომიკის განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების დასაქმებას და ცხოვრების უკეთესი პირობების შექმნას",- განაცხადა ლევან კობერიძემ.