ქობულეთში დააკავეს პირები, რომლებსაც ბრაზილიიდან 1 კილოგრამამდე კოკაინი გამოუგზავნეს

11:39 02-21-2019
54
თეგები: კოკაინიშსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მამუკა ჭელიძემ, სამართალდამცველი ორგანოების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შესახებ აცნობა საზოგადოებას.

როგორც მამუკა ჭელიძემ განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქობულეთში ნარკოდანაშაულისთვის 2 პირი დააკავა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღო. 

სამართალდამცველებმა 1978 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე - ა.ჯ. და 1994 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე - ნ.კ. დააკავეს, რომლებსაც დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

პოლიციამ, თურქეთის მოქალაქის პირადი ჩხრეკისას, დაახლოებით, 1 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება „კოკაინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული ნარკოტიკი ბრაზილიიდან ნ.კ.-ს სახელზე ამანათით გამოიგზავნა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.