გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ წავახალისოთ საზოგადოებაში დაპირისპირება - გია ვოლსკი "პატრიოტთა ალიანსის" ინიციატივაზე

13:15 02-21-2019
38

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრები დეპუტატებს მათ მიერ შემუშავებული რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ, რომელიც „სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დანაშაულებრივ რეჟიმად გამოცხადებას„ ითვალისწინებს.

პარლამენტში პლენარული სხდომის დაწყებამდე ირმა ინაშვილი აცხადებდა, რომ უმრავლესობის მხარდაჭერის მოლოდინი აქვს. „მინდა ვუთხრა შუაშისტებს, თუ თავს შეიკავებთ ეს იქნება ლუსტრაცია, რომ განაგრძობთ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკას„- აცხადებს ირმა ინაშვილი.

საკითხს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი გამოეხმაურა. მისი თქმით პატრიოტების რეზოლუციის პათოსი მისაღები და გასაგებია, თუმცა მმართველ გუნდს აქვს პასუხისმგებლობა საზოგადოების იმ ნაწილის წინაშეც, რომელიც ოპოზიციურად არის განწყობილი.

“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ არ წავახალისოთ საზოგადოებაში დაპირისპირება. ეს არ ნიშნავს რომ ჩვენ არ ვაკრიტიკებთ წინა ხელისუფლებას. არანაკლებ სერიოზული და მკაცრი დოკუმენტები ამ მხრივ მიღებული გვაქვს“ - აღნიშნავს გია ვოლსკი.

პატრიოტების რეზოლუციას მიმდინარე სხდომაზე კენჭი უნდა უყარონ.

 

 

ბექა პატურაშვილი