პროექტი, რომლის ჩავარდნის გამო ბექა ნაცვლიშვილი უმრავლესობის დატოვებას გეგმავს, საპენსიო ფონდიდან ბინათმშენებლობის დაფინანსებას ითვალისწინებს.
ნაცვლიშვილმა დაგროვებითი პენსიის სისტემის ალტერნატიული პროექტი პარლამენტს რამდენიმე კვირის წინ შესთავაზა, თუმცა საკომიტეტო მოსმენების დროს მას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.
პროექტი საბინაო ფონდის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც იდეის მიხედვით ბინებს გრძელვადიანი, დაბალპროცენტიანი სესხებით გასცემს ახლად დაქორწინებულ წყვილებზე, შშმ პირებზე, იძულებით გადაადგილებულებზე და ა.შ. პროექტის მიხედვით საბოლოოდ ბინების გაყიდვიდან შესული თანხები საბოლოოდ ისევ საპენსიო ფონდში უნდა დაბრუნდეს და საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ მოხმარდეს მოქალაქეებს. გარდა ამისა ნაცვლიშვილის პროექტი თანხების ჩადებას ენერგეტიკულ და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებშიც ითვალისწინებს. განხილვის ეტაპზე დეპუტატთა ნაწილმა პროექტი არარეალისტურად და კორუფციის რისკის შემცველად მიაჩნია. დღეს ბექა ნაცვლიშვილი აღნიშნავდა რომ სხდომას უმრავლესობის წევრის სტატუსით ბოლოჯერ ესწრება. გუნდის დატოვების მიზეზად სწორედ მისი საპენსიო რეფორმის პროექტის ჩავარდნა დაასახელა.