თბილისის საქალაქო სასამართლომ „რეფორმირების ცენტრის“ ხელმძღვანელს, ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა. აღნიშნული ინფორმაცია "პრაიმტაიმს" პროკურატურიდან აცნობეს.
„პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. 2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზ.კ-ს ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
ბრალდების მხარემ მოითხოვა ზ.კ-ს მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები.
პროკურორმა პროცესზე წარადგინა ზ.კ-ს მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.