კინორეჟისორ რეზო ესაძეს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 21 თებერვალს ვარსკვლავი გაუხსნეს.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართული კინოს ცნობილი ვარსკვლავები, რეჟისორები, მსახიობები, რეზო ესაძის მეგობრები და პოლიტიკოსები, მათ შორის პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე. ვარსკვლავის გახსნის პატივი, ბიძინა ივანიშვილს ერგო - მან დაფარულ წარწერას რეზო ესაძე ოქროსფერი ვარსკვლავი აპლოდისმენტებისა და ფოიერვერკების ფონზე ახადა.
ვარსკვლავის გახსნის ორგანიზატორმა, დავით ოქიტაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე ღონისძიების ფოტოები და პოსტი გამოაქვეყნა:
რეზო ესაძის ვარსკვლავის გახსნა. ეს უკვე ისტორიაა!!! ისტორიას კი გაფრთხილება უნდა!!! დიდი მადლობა ირაკლი და ნათია გედენიძეებს, საინტერესო ფოტოების მოწოდებისათვის - წერს დავით ოქიტაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ესაძე, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, რესპუბლიკური, საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზის, კემბრიჯისა და ვაშინგტონის საერთაშორისო კატალოგების საპატიო ორდენის მფლობელი, საქართველოსა და რუსეთის მხატვართა და კინემატოგრაფისტთა კავშირების წევრია.
რეზო ესაძე დაიბადა 1934 წლის 18 თებერვალს, ოზურგეთის რ-ში, სოფ. შემოქმედში. ქართველი კინორეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, მხატვარს და პოეტს მონაწილეობა აქვს მიღებული, 122 ფილმში - შესრულებული აქვს 10 მთავარი და ასევე, ეპიზოდური როლები სხვადასხვა ავტორების ფილმებში. გადაღებული აქვს 11 ფილმი: - ჭერი ანუ დაუმთავრებელი ფილმის მასალა - ნეილონის ნაძვის ხე (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე; გრან-პრი აველინოს საერთაშორისო კინოფესტივალზე) - საქორწინო საჩუქარი - წისქვილი ქალაქის გარეუბანში - ერთი ნახვით შეყვარება (I ადგილი როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე); წკიპურტები - ყოველ შაბათს (ბუდაპეშტის საერთაშორისო კინოფესტივალზე დაასახელეს საუკეთესო უცხოურ ფილმად) - წამზომი - ოთხი ფურცელი - ფრო - ერთხელ.
1956 წელს დაამთავრა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1956-58 წლებში მუშაობდა ფიზიკის მასწავლებლად, სკოლაში. 1964 წელს დაამთავრა, მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1966 წლიდან მუშაობდა სტუდია ლენფილმში, ხოლო 1972 წლიდან, ქართულ ფილმში“. ესაძის პერსონალურ გამოფენებს სხვადასხვა დროს მასპინძლობდა თბილისი, მიუნხენი, ჟენევა, თელ-ავივი. მისი ნამუშევრები ინახება პირად და სამუზეუმო კოლექციებში. 1975 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 2001 წელს გამოაქვეყნა ლექსების პირველი კრებული.
გთვაზობთ, რეზო ესაძის ინტერვიუდან, რამდენიმე ფრაზას - (არქივის მასალა).
ჩემი ოცნება იყო, შორეული ნაოსნობის კაპიტანი ვყოფილიყავი. ეხლა რომ ვფიქრობ, რასაც ვაკეთებ, იგივეა. შეიძლება ეს მეტიცაა...
“მე უფრო მეტად არ ვიცი ჩემი თავი, ვიდრე ჩემზე როცა ლაპარაკობენ. როცა მეუბნებიან: - ეს “ასე”, “ასე”, “ასე”... ჩამოკიდებენ ხოლმე რეცეპტებს, დააწყობენ. მე ვუსმენ და არ ვიცი, რა ვქნა, თავი დავუქნიო თუ შევეწინააღმდეგო, იმიტომ რომ ცალ-ცალკე ეს ვერ წარმომიდგენია. ერთმანეთში გადადის.”
“მე თვითონ არ ვიცი, რას ნიშნავს რეალობა და რას ნიშნავს სიზმარი და ცხადი” - რეზო ესაძე.
იხ. ფოტოკოლაჟი და ვიდეორგოლი: