ჩემი დარჩენა „ქართულ ოცნებაში“ არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა - გედევან ფოფხაძე

12:33 02-25-2019
92

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ მის მიერ უმრავლესობის დატოვების შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი უმრავლესობაში დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარება.

„მე პარასკევს გასვლის თაობაზე ოფიციალური განცხადებით მივმართე, როგორც თვითონ პოლიტიკურ მოძრაობა „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობის ხელმძღვანელ არჩილ თალაკვაძეს და „ქართული ოცნების“ ფრაქციას. შესაბამისად, ყველა ეს გადაწყვეტილება რეგისტრირებულია, ყველა ეს პოზიცია მე პარასკევსვე იმ გუნდს ოფიციალურად ვაცნობე, რომლის წევრიც ვიყავი.

ჩემი პოზიცია იმ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით, რაც ხდებოდა „ქართულ ოცნებაში“ არაერთხელ დამიფიქსირებია და მე აქამდეც მქონდა იმის განცდა, რომ ჩემი რესურსი „ქართული ოცნების“ შიგნით იწურებოდა და იწურებოდა იმ კუთხით, რომ რაიმე ზეგავლენა მომეხდინა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ახლა უკვე მგონია, რომ ჩემი დარჩენა არანაირ ლოგიკას აღარ ექვემდებარებოდა, უფრო უნდა დასმულიყო კითხვა - რატომ რჩები „ქართულ ოცნებაში“?, ვიდრე რატომ წამოხვედი „ქართული ოცნებიდან“? იმიტომ, რომ ორი საკითხის თანხვედრაა, რომლის პირობებშიც იყო იქ, სადაც ხარ, შეუძლებელია. ერთი, თუ შენ არსებითად, იდეოლოგიურ, ღირებულებების დონეზე და კონკრეტული საკითხების გაზიარება-არგაზიარების დონეზე შორდები იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ხარ და მეორე, როდესაც შენ შეიძლება, გქონდეს განსხვავებული ხედვები, მაგრამ გქონდეს მათი გამოხატვის საშუალება იქ, სადაც ხარ და ამან მაინც შეგაკავოს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.